თანამდროვე ქართული პოეზია



“პოეზია თამაშია… პირველი პოეტი-პერფორმერები – ბერძენი აედები, რომლებიც ცეკვა-სიმღერით ლექსავდნენ, რას იფიქრებდნენ, რომ ოდესმე პოეზია ასეთი ტვინის ჭყლეტის ობიექტი იქნებოდა. ისინი ცხოვრობდნენ თავიანთივე ნამღერ პოეტურ კონტექსტში და ამაში “კაიფს” იჭერდნენ. ეგ იყო და ეგ. 10-იან წლებში ავანგარდისტების მიერ შემოგდებული “ფსიქიკური ავტომატიზმის” პრინციპი რეალურად დიდი ხნის წინ ანტიკურ ცივილიზაციაში განხორციელდა, როცა ღვინისა და გარუჯული ბერძენი ნაშების თანხლებით ექსპრომტად იმღერებოდა ლექსები” – ეს სიტყვები ერთ-ერთ თანამედროვე ქართველ პოეტს, პაატა შამუგიას ეკუთვნის.
ძნელია იმის მიჩნევა, რომ თითქოს თანამედროვე ქართველ პოეტთა უმრავლესობა პოეზიის არსს ასე იაზრებს, მაგრამ შემთხვევითი არაფერია… პოეზია თამაში რომ არის და ამქვეყნიური ნორმა-ჩარჩოებისგან დამოუკიდებელი თავისუფალი სივრცე-სამყარო და თან დამოკიდებული სალექსო ჩარჩოებზე, პოეზია რომ ქაოსია და სიტყვათა ფერხული, რომლის დროსაც როგორც გინდა, სიტყვებს ისე აბურთავებ – ამ ყველაფერზე საუკუნეების განმავლობაში არაერთი რამ თქმულა.
საინტერესოა, როგორია თანამედროვე ქართული პოეზია და რამდენად ღირებულია ის.
ქართულ ლიტერატურულ წრეებში დომინაირებს აზრი, რომ საქართველოს დღეს არა ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტები, რადგან ასეთები თითზე ჩამოსათვლელადაც ცოტაა. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ქართული პოეზია საერთოდ ახალ საფეხურზე ადის და ამის შეფასებას უბრალოდ წლები სჭირდება. სახელდობრ, რომელია და რა საფეხურია – ჯერ არ კონკრეტდება.
რატი ამაღლობელი, ნიკა ჯორჯანელი, შოთა იათაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ზვიად რატიანი, პაატა შამუგია, დიანა ანფიმიადი…
ეს იმ პოეტთა არასრული სიაა, რომლებზეც თანამედროვე ქართულ პოეზიაზე საუბრისას აუცილებლად, ავად თუ კარგად მსჯელობენ ხოლმე. გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს მათი შემოქმედებიდან.
რატი ამაღლობელი
შოთა იათაშვილი
ნიკა ჯორჯანელი

სოსო სიგუა: “თანამდროვე ქართულ პოეზიაში მე ვგულისხმობ ახალ თაობას. ახალ თაობაში კი შედის 40 წელს დაბლა ვინც არიან. მათ უარყვეს ქართული ლექსისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ესთეტიკა; უარყვეს ის სალექსო ფორმები, რომლითაც არსებობდა დიდი ქართული პოეზია. ჩემთვის გასაგებია, რომ ახალგაზრდები ეძებენ გზას, რითაც ცდილობენ, გაამდიდრონ თანამედროვე ხედვა. მაგრამ ეს ახალი ხედვა მაშინ არის გამართლებული, როდესაც არ სცილდება ესთეტიზმს, როცა არ გავა ლიტერატურულობიდან. მარტო ის, რომ შემოიტანო პორნოგრაფია, პათოლოგია, ბილწსიტყვაობა – ორიგინალობა არ არის, ისევე, როგორც ჩაცმის ორიგინალურ სტილად არ ითვლება ის, რომ რუსთაველის გამზირზე ვინმემ ტიტველმა გაიაროს. ეს სენსაცია არ განეკუთვნება ხელოვნების სფეროს; შეიძლება უფრო ფსიქიკის პრობლემად მივიჩნიოთ, რაც ლიტერატურას ნაკლებად აინტერესებს.
ლიტერატურას აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოები, რომლებიც გულისხმობს პოეტიკასა და ესთეტიკას. და თუ გინდა, რომ მწერალი იყო, ამ ჩარჩოში უნდა ჩაეტიო ისევე, როგორც კომპოზიტორი, მხატვარი და სხვა რომელიმე დარგისა და ჟანრის ხელოვანი. ყველა უნდა იცავდეს იმ კანონებსა და წესებს, რომელშიც მოქცეულია. ხელაღებით ყველაფრის უარყოფა შეიძლება, მაგრამ ეს არ იქნება ინტელექტუალური უარყოფა, ინტელექტუალური დაძლევა ტრადიციებისა.
ინტელექტუალური დაძლევა ტრადიციებისა არის, მაგალითად, როგორც გალაკტიონ ტაბიძემ დაძლია აკაკი წერეთლის ტრადიციები. როგორც, ვთქვათ, ქართულმა პოეზიამ, ბარათაშვილმა და ვაჟა-ფშაველამ და სხვებმა დაძლიეს რუსთაველის ლექსის გავლენა და ინერცია. მხოლოდ ინტელექტით, თორემ “მე არ მომწონს და ისე უნდა მოვიქცე, როგორც არავინ მოქცეულა და ვილაპარაკო გიჟურად, ავადმყოფურად” – ასეთი დამოკიდებულება არაფრისმომტანია. ასე ყველაფრის უარყოფა ადვილია.
ვინც ამბობს, ვინ არის რუსთაველი ან გალაკტიონი, მე ვიცნობ ნამდვილ პოეტს. ეს ლიტერატურული კი არა, ფსიქიკური პრობლემაა”.
სოსო სიგუა იმასაც ამბობს, რომ თანამედროვე ქართული პოეზიის სარბიელზე ვერ ხედავს ისეთ გამოკვეთილ სახეებს, რომლებიც ქმნიან ახალ სააზროვნო მდინარებას ქართულ პოეზიაში. იგი ხაზგასმით აკრიტიკებს სლენგის გაბატონებას თანამედროვე ლექსებში. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ “უნიჭოთა ქაოსში” ნიჭიერნიც გამოერევიან ხოლმე.
სოსო სიგუა: ”ცალკეული ნიჭიერი პიროვნებები, რა თქმა უნდა, არიან (მაგალითად, ნიკა ჯორჯანელი, ვიცნობ მის პოეზიას და მწერალთა კავშირის გაზეთში მასზე რეცენზიაც დავაწერინე ერთ კრიტიკოსს), მაგრამ მე ვგულისხმობ ისეთ განსხვავებულ სტილსა და ხედვას, როგორიც ჰქონდათ ანა კალანდაძეს, მუხრან მაჭავარიანს, მურმან ლებანიძეს, შოთა ნიშნიანიძეს და სხვებს. ასეთ მასშტაბებს ვგულისხმობ, რომელთაც შექმნეს განსხვავებული, ახლებური სამყარო ჩვენს პოეზიაში. თორემ ცალკეული ნიჭიერი და კარგი ლექსი, რა თქმა უნდა, არის. მაგრამ ყველა ლექსი ბილწსიტყვაობით რომ იყოს დაწერილი, ხომ არ შეიძლება?!
მე მთლიანობაში არ ვარ მაინცდამაინც მაღალი წარმოდგენისა თანამედროვე ქართულ პოეზიაზე. შეიძლება ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ მთლად კარგადაც არ ვიცნობ. უბრალოდ, მე რასაც გავეცანი (აგერ ანთოლოგიად გამოსცეს, სადაც შედევრად არის შეტანილი ვინმე ფუტა, რომელიც წერს რაღაცა ამორალურ თემებსა და ბილწსიტყვაობაზე), სულ ვფიქრობ, რატომ იქცა ბილწსიტყვაობა ასეთ გატაცებად ჩვენს ლიტერატურაში, რა არის ამაში კარგი?!”
სოსო სიგუა ერთსაც დასძენს: “რაღაცა გარკვეული ტიპის სიგიჟეები ახასიათებდათ ფუტურისტებს, დადაისტებს და სხვადასხვა მწერლებს მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, მაგრამ მათ ეს სიგიჟის პერიოდი სწრაფად გაიარეს. მაგალითად, ძალიან კარგი პოეტი იყო სიმონ ჩიქოვანი, რომელიც ფუტურისტი იყო და თავისებური ექსტრავაგანტობა ახასიათებდა. მაგრამ მათი ექსტარვაგანტობა არ გულისხმობ და საკუთარი დედის გინებას, საკუთარი სამშობლოს შეურაცხყოფას და ამორალური თემებით გატაცებას”.
კრიტიკოსი და მწერალი როსტომ ჩხეიძე თვლის, რომ თანამედროვე ქართულ პოეტურ სივრცეში, ერთი მხრივ შემაშფოთებელი სურათია, მეორე მხრივ – დამაიმედებელი.
როსტომ ჩხეიძე: ”სურათი, რომელიც წარმოგვიდგება თანამედროვე ქართულ პოეზიაზე თვალის გადავლებით, გარედან დამკვირვებლისთვის შესაძლოა, შემაშფოთებელიც კი იყოს, ხოლო ამ პროცესების დინებაში გარკვეულ პიროვნებათათვის არცთუ უნუგეშო, მეტიც, დამაიმედებელია. შემაშფოთებელი იმიტომ, რომ უდავოდ ტოვებს ქაოტურ შთაბეჭდილებას პოეტად თვითგამოცხადებულ ადამიანთა მოზღვავება და ამ ზღვაში ძნელდება ნამდვილ ფასეულობათა გადარჩევა.
იმედიან განწყობილებას კი ბადებს ის, რომ ჩვენი სალიტერატურო ცხოვრება ზოგადად და პოეზიის არეალი კერძოდ სულაც არ არის ბედის ანაბარა მიტოვებული, ლიტერატურული კრიტიკა ცდილობს, ფეხდაფეხ მიჰყვეს პოეზიის ნაკადს და თავთავისი ადგილი მიუჩინოს ცალკეულ მიღწევებსა თუ მიდრეკილებებს, ხოლო ამ ფონზე თვალსაჩინოვდება ის დედოძარღვი, რომელიც სიმრთელესაც ინარჩუნებს, ტრადიციის დვრიტასაც და სიახლეთადმი ღიაობასაც.
ეს სამი აუცილებელი თვისება თუ ნიშანი ხელისგულზეა.
პოეტური დუღილი, რაც ყველასათვის შესამჩნევია, მხოლოდ ხელს უწყობს იმ დედოძარღვის მომძლავრებას. და თუ რაიმე ექაჩება უკან, პროლეტარული მწერლობის შენარჩუნების ცდაა, საბჭოური გადმონაშთით – მწერალთა კავშირის იდეოლოგიით – ზურგგამაგრებული, ჩვენ თვალწინ ლამის რეანიმაციას რომ განიცდის და კომიკურ ყოფაში აგდებს საერთოდ მწერლობის ღირსებას ნამდვილი მკითხველის თვალში.
პროლეტმწერლობისათვის თავისი კუთვნილი ადგილის მიჩენა ანუ გამოგონილ სახელთა გარიყვა სალიტერატურო ცხოვრებიდან ერთბაშად მოაწესრიგებს ბევრ რაიმეს და პოეზიის მდინარებასაც აღარ გააბუნდოვანებს გარეშე დამკვირვებელთა თვალში”.
როსტომ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ თანამედროვე პოეზიაში გალაკტიონის სტილი და შემდეგ მასზე აგებული სიმონ ჩიქოვანის ავანგარდი ძირითადად უკვე წარსულს ჩაბარდა და თანამედროვე ქართული პოეზია პოეტ ბესიკ ხარანაულის მიერ გაკვალულ გზას დაადგა. როგორც ჩანს, ამას უნდა ვუმადლოდეთ ვერლიბრის (თავისუფალი ლექსის) დომინანტობას დღევანდელ ქართულ პოეტურ სივრცეში.
როსტომ ჩხეიძე: ”იყო დრო, როდესაც ქართული პოეზია მთლიანად მოექცა გალაკტიონ ტაბიძის გავლენის არეალში და ვერა და ვერ გაეღწია ამ მომნუსხველი წრიდან. თუმც მის გვერდით არსებობდა სიმონ ჩიქოვანის პოეტური სკოლაც. გალაკტიონის გავლენა კვლავაც შენარჩუნებულია, მაგრამ უფრო გამკვეთრდა სიმონ ჩიქოვანის მიერ სათავედადებული სტილისტიკა (ვიზიარებ შეხედულებას, ჩიქოვანსა და ტომას ელიოტს შორის სულიერ სიახლოვეს რომ ხედავენ!), რომელმაც ახლებური მხატვრული გააზრება ჰპოვა ბესიკ ხარანაულთან, ვისმა ზეგავლენამაც სულ უფრო იძალა და ამჟამინდელი ახალგაზრდული პოეზია უმთავრესად მის მიერ გაჭრილ კალაპოტს მიჰყვება. მეორე ასევე გამოკვეთილი ხაზი ტარიელ ჭანტურიას მიერაა სათავედადებული (სხვათა გავლენა ასეთი ხელშესახები არაა, თორემ ისე არც ლია სტურუას მიმდევრებს მოვისაკლისებთ და არც გივი ალხაზიშვილისას)”.
ლიტერატორი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ: “ახალგაზრდულმა პოეზიამ ის სასოწარკვეთილების ნოტები თუ მოტივები, რაც წინამორბედთაგან ისესხა თუ გაიმეორა, უკიდურესობამდე მიიყვანა და მთლიანად დაუმორჩილა მრუმე, საზარელ ხილვებსა და შესატყვის ტონალობას, ისე განუდგა სამშობლოსაც და უფალსაც, მათი ძიების სურვილიც კი თითქმის არსად ჩნდება, და თუმც არაერთგან წააწყდებით ბიბლიურ ონომასტიკონს, ტოპონიმიკას, ასოციაციებს, გადაძახილებს, ეს ყოველივე შინაგანად განუცდელია და მოდის აყოლა უფროა, ვიდრე იმ სამყაროსაკენ სწრაფვა. მათი ტკივილები უდავოდ გულწრფელია, არც ვერსიფიკაციული ძიებანი დაეწუნებათ და არაერთი სტრიქონი თუ ცალკეული ლექსები კიდეც მოგხიბლავთ, მაგრამ ტრაგიკული და კოშმარული განწყობილებებისათვის, გაბმული მოთქმისათვის ვერა და ვერ დაუღწევიათ თავი”.
აღნიშნული მოტივები კი აფიქრებინებს, რომ თუკი ასევე გაგრძელდა, ქართულ პოეზიას მონოტონურობის საფრთხე ემუქრება.
როსტომ ჩხეიძე: “თითქოს ეს ამდენი ახალგაზრდა კი არ წერდეს, არამედ ვიღაც ერთი. არადა, ხომ არსებობს ქრესტომათიული ნიმუშები, თუ როგორ მომხდარა ტრაგიზმის, უკიდურესი დრამატიზმისა და სასოწარკვეთის გარღვევა – აგერ ნიკოლოზ ბარათაშვილი, აგერ ვაჟა-ფშაველა, აგერ ტერენტი გრანელი, აგერ ნიკო სამადაშვილი…
ეს ის პოეტები არიან, რომელნიც ძალიან ხიბლავენ ჩვენს ახალგაზრდებს, და მაშ, მათგან სინათლის წყურვილიც და ღვთის ძიების დაუმცხრალი ჟინიც გადმოიღონ. აგერ კიდევ გრიგოლ აბაშიძის ბოლოდროინდელი ლირიკა, რომელიც მათ ჯერაც აღმოსაჩენი აქვთ, და აგერ ესმა ონიანის ხელახლა დაბადების პროცესი, რომელსაც შეუძლებელია, არ მოჰყვეს მიმდევართა ერთი წყება.
ცხადია, შინაგანად უნდა განიცადონ ეს ყოველივე, თორემ ხელოვნური გამეორება ისევე ამოვარდნილი გამოჩნდება მათი ნაწერების პათოსიდან, როგორც ბიბლიური სახეების მოუწყინარი – მაგრამ ამაო – ბრუნვა-ტრიალი. ამ მხრივ უთუოდ დასაფასებელია გიორგი კეკელიძის, ნატა ვარადასა და კატო ჯავახიშვილის გარჯა – გამოეცალონ მოჯადოებულ წრეს”.
რაკი სტატია პოეტისა და პოეზიის თანამედროვე (პირობითად!) გაგებით დავიწყეთ, მისი კლასიკური გააზრება-არსითა და დანიშნულებით დავასრულოთ.
როსტომ ჩხეიძე: ”პოეტი – საერთოდ, შემოქმედი – არ უნდა ივედრებოდეს: მიშველეთ! პოეტის – საერთოდ, შემოქმედის – მოვალეობაა, ირწმუნებოდეს: მომენდეთ და გიშველით, ბოლოს და ბოლოს, ერთად გავარღვიოთ ეს წკვარამი ტკივილში გამონატანჯი სწრაფვით ოცნების საუფლოსაკენ!.. პოეზიის ამ სულიერ მოთხოვნილებას შეუძლებელია, თავისი ჟამი არ დაუდგეს და რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი არა მარტო ლირიკისათვის, არამედ ზოგადმხატვრული აზროვნებისათვის, და კიდევ მეტიც – სახელმწიფოებრივი შეგნებისათვის”

წყარო

No comments:

Post a Comment