ხალხური პოეზია


ხალხური პოეზიის ანთოლოგია / შემდგ. ზ. კიკნაძე, ტ. მახაური. გარეკანზე გამოყენებულია მხატვ. თ. მირზაშვილის ნამუშევრები. – თბ.: მემკვიდრეობა, 2010. – 352 გვ.

კრებული ანთოლოგიის ხასიათს ატარებს. შემდგენელნი ეცადნენ მასში ასახულიყო ქართული სიტყვიერი ფოლკლორის ჟანრობრივი მრავალფეროვნება. წინასიტყვაობაში ჩამოთვლილია ის კრებულები, რომლებიც ამ დარგის ეტაპობრივი ათვისების დროს გამოიცა, მათ შორის: ექვთიმე თაყაიშვილის რედაქციით „ხალხური სიტყვიერება“, აკაკი შანიძის გამოცემული „ქართული ხალხური პოეზია: I ხევსურეთი“ და სხვ. აქვეა აღნიშნული ამ კრებულის შექმნის პრინციპი – გაუმართლებელია ხალხური ტექსტის გამოქვეყნება იმ მონაცემის გარეშე, რომელიც აფიქსირეს ტექსტს, როგორც დროსა და სივრცეში კონკრეტული ადამიანის მიერ წარმოთქმულს კონკრეტული ადამიანის მიერ მოსმენილს. ამის საფუძველზე ყალიბდება ორი კონცეფცია:
1. ფოლკლორისტს ამოძრავებს პიეტიტი და მადლიერების გრძნობა იმ პიროვნებათა მიმართ, რომლებმაც განსაზღვრულ ქრონოტოპში აქ (ამ სოფელში, ამ საფიხვნოზე ამ ორღობეში...) და ახლა (დროის განუმეორებელ მონაკვეთში) შემოინახეს ლექსი თუ ნარატივი.
2. არქეტიპის არსებობის პირობებში ყველა ვარიანტი თანაბარმნიშვნელოვანია. ანუ ამ კრებულში უარყოფილია პრაქტიკა, როცა ძირითად ტექსტად ჰიპოთეტური არქეტიპია გადმოტანილი. ამ გამოცემაში ყველა „ვარიანტს“ თანაბარი ღირსება აქს მინიჭებული და საკუთარი ნომრის ქვეშაა დაბეჭდილი. აქ ტექსტები უსათაუროა და მკითხველი თავისუფალია საკუთარი „არქეტიპის“ არჩევაში.
ანთოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილი თსუ ფოლკლორისტიკის კათედრის არქივიდნ არის შერჩეული. მკითხველი შეხვდება ხალხური პოეზიის ბევრ, არქივიდან ამოღებულ განსხვავებულ ორეულებსაც. კრებულს საფუძვლად უდევს 1992 წ. გამოცემული ხალხური პოეზია, რაც მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული.
წიგნს ახლავს შენიშვნები, შემოკლებანი, სიტყვათა განმარტება და საკუთარ და საგვარეულო სახელთა და ადგილისა და წარმომავლობის სახელთა ანბანური საძიებლები, აგრეთვე ტექსტების ინდექსები. წიგნი გამოცემულია ქართული წიგნის მხარდამჭერი ფონდის „მემკვიდრეობის“ მიერ.

წყარო

No comments:

Post a Comment