ნიკოლოზ ბარათაშვილი

დაიბადა : 04.12.1817 წ
გარდაიცვალა : 21.10.1845 წ
       
                
ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (4. XII. 1817, თბილისი - 21. X, 1845, განჯა), ქართველი პოეტი. დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია გრ. ორბელიანის და, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო.
თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835 წწ.) ნ. ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ნ. ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა მას უსახსრობის გამო ჩაეშალა. განუხორციელებელი გახდა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესათან ერთად, წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამა (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი).
ნ. ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ი. ჭავჭავაძის აზრით, ნ. ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლური (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურულ განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული. ნ. ბარათაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია დროის შედარებით მცირე მონაკვეთს მოიცავს (1833 - 1845 წწ.), მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან მსოფლმხედველობრივი და მხატვრული განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი გზა.
მისი გენიის პირველი სრულფასოვანი გამოვლინებაა "ბედი ქართლისა" (1838), "შემოღამება მთაწმინდაზედ" (1833 - 1836), "ფიქრნი მტკვრის პირას" (1837) და სხვ. მის პიროვნებაში ტრაგიკული გაორება შეინიშნება - კერძოდ, "ცისა ფერს" (1841), რაც უცოდველი სულის მარადიული ექსტაზური აღმაფრენის სიმბოლოა, ხოლო "სული ობოლი" (1839) და "სულო ბოროტო" (1843) გამოვლენაა მძაფრი შინაგანი განცდისა. სწორედ ამ ბრმა ბედისწერასთან თავგანწირულ ჭიდილში ადამიანის არსებობის უმაღლესი აზრი და გამართლება დაინახა "მერანში" (1842). "მერანის" მთავარი იდეა - ადამიანის შემომქმედი სულისა და თავისუფალი ნების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა ბრმა აუცილებლობის მტრულ ძალებთან, როგორც კაცობრიობის ისტორიის ჭეშმარიტი აზრი და გამართლება. მისი ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიუტუტში დაცულია ნ. ბარათაშვილის თხზულებათა რამდენიმე ავტოგრაფიული კრებული. მისი ლექსები პირველად 1852 და 1858 წლებში გამოქვეყნდა ჟურნალ "ცისკარში".
                
ნაწარმოებები :

ლექსი :
მერანი
სული ობოლი
სულო ბოროტო
ფიქრნი მტკვრის პირას
შემოღამება მთაწმინდაზედ
ღამე ყაბახზედ
თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნას
საყურე
ნა... ფორტოპიანოზედ მომღერალი
სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი
არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა
სუმბული და მწირი
ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი
ცისა ფერს
აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი
ჩემს ვარსკვლავს
ჩემი ლოცვა
ხმა იდუმალი

პოემა :
ბედი ქართლისა

ეპისტოლარული :
პირადი წერილები
       
ბმულები :
ბარათაშვილი ნიკოლოზ (თბილისის 166-ე საჯარო სკოლა)

No comments:

Post a Comment